„სპაერმა“ „ტორპედოს“ ქულები ისევ დააკარგვინა

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგა, სადაც თბილისის „სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის მე-6 წუთზე თამაზ ცეცხლაძემ კარგი პასით თითქმის მთელი ქუთაისელთა დაცვა „მოჭრა“ და მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ლაშა კოხრეიძემ შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. ცნობისთვის, კოხრეიძემ „ტორპედოს“ ულამაზესი „მაკრატელა“ გაუტანა პირველი წრის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელიც „სპაერმა“ სტუმრად 2:1 მოიგო.
„ტორპედოს“, რომელმაც პირველი წრის ბოლო შეხვედრები აღმავლობით ჩაატარა, შესვენებამდე კარში ფაქტობრივად არ დაურტყამს.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში „სპაერმა“ ორი გოლი გაიტანა, რომლებიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. გარდა ამისა, აღსანიშნავია საჯარიმოში მარჯვნიდან შესული კოხრეიძის დარტყმა, როდესაც ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის ფონზე, „ტორპედომ“ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან გერმანელმა მცველმა მოჰამედ შერიფმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბრაზილიელი ფელიპე პირესის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ მოიგერია.
70-ე წუთზე კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 75-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე მყოფმა გიორგი არაბიძემ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო რეიდი და სამ თბილისელს გაცდა, რის შემდეგ ბურთი სერბ კომნენ ანდრიჩთან გაითამაშა და პასი საჯარიმოში ალეკო ბასილაძეს მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე „სპაერს“ სამი ქულის აღება შეეძლო, როცა კართან ახლოს მდგომმა გიორგი ცეცხლაძემ ვარდნაში თავით დაარტყა და „ტორპედო“ სერბმა გოლკიპერმა ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 15 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ 12 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
სპაერი 1:1 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი