უმცროსი “ბორჯღალოსნების” ორი ტესტ-მატჩი

0
0

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუსთავში ორ გასახურებელ თამაშს გამართავს.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები 16 ივნისს აშშ-ს, ხოლო 22 ივნისს ახალ ზელანდიას შეერკინებიან. ამით რუსთაველ გულშემატკივარსაც მიეცემა შესაძლებლობა, რომ მაღალი დონის თამაშები მშობლიურ ქალაქში იხილოს და მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გზა დაულოცოს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს.
ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო მოსამზადებელი თამაშები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 2013 წლის შემდეგ უბრუნდება. აქამდე მას ჩემპიონატზე ორჯერ უთამაშია – 2008 და 2013 წლებში და ორივეჯერ ბოლო ადგილი დაიკავა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები აშშ-ს ერთადერთხელ, 2014 წლის ალაფაზე შეხვდა და მეტოქემ მინიმალური სხვაობით, 13:12 გაიმარჯვა.
რაც შეეხება ახალ ზელანდიას, ის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. რაღა თქმა უნდა მას განვლილ 15-ივე ჩემპიონატში უთამაშია და თასი 6-ჯერ (2008, 2009, 2010, 2011, 2015 და 2017 წლებში) შემართა. „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ ბოლოს წარმატებას 2017 წელს საქართველოში გამართულ ჩემპიონატში მიაღწია. გარდა ამისა, ის ორჯერ (2012 და 2025 წლები) გავიდა მეორე ადგილზე, ორჯერ კი ბრინჯაოს (2014 და 2024 წლები) მედლებს დაეუფლა.
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია: ჩვენთვის სადებიუტო, 2016 წლის ჩემპიონატში მეტოქემ 55:0 იმარჯვა; 2019 წელს, ასევე ჯგუფურ ეტაპზე 45:13 გაიმარჯვა; 2023 წელს სამხრეთელებს მე-7 ადგილისთვის მატჩში ყველაზე მეტი, 4 ლელო გავუტანეთ და დასკვნით წუთებამდე ანგარიშში მცირე ჩამორჩენას ვინარჩუნებდით, თუმცა საბოლოოდ ახალმა ზელანდიამ 50:26 იმარჯვა; შარშან „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ კვლავ ჯგუფურ ეტაპზე შევერკინეთ, ერთი ხანობა ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ გამარჯვება ისევ მოწინააღმდეგეს დარჩა – 38:19.
შეგახსენებთ, მანამდე ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 4-გუნდიან საერთაშორისო სერიაში ფიჯის (21 მაისი), ჩილესა (26 მაისი) და სამხრეთ აფრიკის (31 მაისი) 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
rugby.ge