სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ჟილინა“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. მასპინძლებში ფორვარდმა გიორგი გაგუამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე მოედანზე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. სტუმრებში მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე ორი ტაიმი გაისარჯა.
მატჩის 36-ე წუთზე გაგუამ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ გრუბერს, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე, როდესაც 1:1 იყო, კაპანაძემ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში სილ მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი კარის ბადეში გაეხვა. კაპანაძემ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებიდან მესამე ბურთი კუკოვეცმა შეაგდო. გაგუამ და კაპანაძემ ამ სეზონში 3-3 საგოლე გადაცემა მიითვალეს.
„დუნაისკა სტრედა“ 55 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ 4 ქულით ჩამორჩება. „ჟილინა“ 49 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





