დავითაშვილი დაშავდა, კვარაცხელია დაასვენეს

0
3

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში სახლში „ტრუასთან“ 0:3 წაგებული მატჩი ნაადრევად დაასრულა.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა და მე-16 წუთზე შეცვალეს. ის დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დარჩენილ ორ ტურში ვერ ითამაშებს. მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ლიდერმა „ტრუამ“ სამივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა. წაგების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ მეორე ადგილი დაკარგა და 57 ქულით 18 გუნდში მესამე ადგილზეა – ლიდერ „ტრუას“ 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ლე მანს“ ერთი ქულით.
ცნობისთვის, ლიგა 2-ში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 1-ში პირდაპირ გადავლენ, ხოლო მესამეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს.
ლიგა 1-ის 31-ე ტურში პსჟ-მ სტუმრად „ანჟერს“ 3:0 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. პარიზელებმა შესვენებამდე ორი ბურთი შეაგდეს, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლების კარი ერთხელ აიღეს. პსჟ-ს 74-ე წუთზე ფორვარდი გონსალუ რამუში გაუძვეს, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი 69 ქულით 18-გუნდიან გათამაშებას ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი