თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში თემურ ქეცბაიას დებიუტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში წყალტუბოში ადგილობივს „სამგურალთან“ 2:1 მოგებულ მატჩში შედგა. ცნობისთვის, მანამდე საქართველოს ეროვნული გუნდის ექსმწვრთნელს სამშობლოში არცერთი გუნდი გაუწვრთნია.
პირველი ტაიმის შუაწელში „სამგურალის“ მცველმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მათ ვაწაძემ მკერდით დაამუშავა და დაარტყა, მაგრამ მასპინძლების გოლის გაშვებას ლუკა კუტალაძემ გადაარჩინა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა როდრიგუ რამუშმა ახლო მანძილიდან თავით კარში დაარტყა და კუტალაძემ უკუაგდო ბურთი, რომელიც ისევ პორტუგალიელს მიუვიდა და მის დარტყმულს წინ კვლავ წყალტუბოელთა გოლკიპერი აღუდგა.
32-ე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა და ვაწაძის თავურის მერე, „სამგურალის“ ბრაზილიელ ნახევარმცველ ვინისიუსს ბურთი ხელში მოხვდა, რის გამო, არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. ვაწაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა – 0:1.
62-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს რამუშმა მეკარესთან პირისპირ ვაწაძე დატოვა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა – 0:2. 66-ე წუთზე ვაწაძის ნაცვლად შეცვლაზე შესული ირაკლი სირაძე მასპინძლების ნახევარზე ლევან გეგეჭკორს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
ამ მომენტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „დინამოს“ საჯარიმოში მდგომმა გეგეჭკორმა ძლიერად დაარტყა და სტუმრები მეკარე მიხეილ მაქაცარიამ გადაარჩინა. „სამგურალი“ კიდევ უფრო გააქტიურდა და 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა თბილისელთა საჯარიმოში ბრაზილიელი პაბულუ რაიანი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის მიწურულს რიანს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც კართან ახლოს აღმოჩნდა და თავით დაარტყა, თუმცა, მაქაცარიამ ისევ დამაჯერებლად ითამაშა.
„დინამომ“ ზედიზედ 7 თამაშის ვერმოგების შემდეგ, 3 ქულა აიღო და 11 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. გიორგი ონიანის თავკაცობით „სამგურალს“ 8 ქულა აქვს და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





