კვარაცხელიას მეხუთე გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში

0
8

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 4 საგოლე პასია.
30-ე ტურში პსჟ- შინ „ლიონს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-6 წუთზე სტუმრები ბრაზილიელმა ენდრიკმა დააწინაურა, ხოლო მე-18 წუთზე პსჟ-ს კარი მორეირამ აიღო. 33-ე წუთზე პარიზელებიდან პენალტი გონსალუ რამუშმა ვერ გამოიყენა. 39-ე წუთზე ვიტინიამ ტრავმა მიიღო და ზაირ-ემერიმ შეცვალა.
63-ე წუთზე ზაირ-ემერის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვარაცხელია მეკარსთან პირისპირ დარჩა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გრეიფმა ბურთი მოიგერია. 64-ე წუთზე ჰაკიმიმ მარჯვენა ფლანგიდან „ლიონის“ საჯარიმოში ჩააწოდა და კვარაცხელიას თავური არაზუსტი აღმოჩნდა. 75-ე წუთზე თითქმის საჯარიმოს ხაზიდან უსმან დემბელეს დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ზედა ძელს მოხვდა.
84-ე წუთზე კვარაცხელია სოლო გარღვევის დროს რამდენიმე მეტოქეს გაცდა, თუმცა, კარში ზუსტად ვერ დაარტყა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ლიონის“ ნახევარზე მყოფმა კვარაცხელიამ შეტევა მარცხნიდან დაიწყო და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ კომბინაცია ფაბიან რუისთან გაითამაშა, ხოლო საბოლოოდ დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. ცნობისთვის, მან ლიგა 1-ის გარდა, თავი ჩემპიონთა ლიგაშიც არაერთხელ გამოიჩინა – 13 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი მიითვალა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 63 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და ერთი ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“.
ლაშა თაბაგარი