რიდი “ფენერბაჰჩესთან” საუკეთესო იყო

0
2

მარკის რიდის ზეშედეგიანი მატჩი თურქეთის ჩემპიონატში, სადაც საართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის გუნდმა ტრაბზონსფორმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ფენერბაჰჩეს კინაღამ მოუგო. რიდმა უძლიერესი სტატისტიკა უჩვენა, მაგრამ ტრაბზონელები წაგებისგან ვერ იხსნა.
შეხვედრა ფენერბაჰჩეს მოედანზე, სტამბოლში გაიმართა და მისი გამარჯვებით – 93:90 დასრულდა. რიდმა მოედანზე 37 წუთი გაატარა და 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
მარკისმა 14-დან 10 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 15-ჯერ (!) დაირღვა, მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ჯარიმის გარეშე ვერ აჩერებდნენ.
საქართველოს ნაკრების მცველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის უძვირფასესი (MVP) მოთამაშე გახდა. აღნიშნული მაჩვენებლის მხრივ რიდთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა.
ტრაბზონსპორს 17 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 26 აპრილს, შინ, კიდევ ერთ სტამბოლურ გრანდ გალათასარაისთან ჩაატარებს, რომელიც მე-8 პოზიციაზეა.
ბელგია-ნიდერლანდების საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავ გამარჯვება იზეიმა ალექსანდრე მერკვილაძის ოსტენდემ, რომელმაც კლუბ მეჰელენს ბოლო სამ დღეში მეორედ მოუგო.
ქართველი ფორვარდის კლუბმა ხსენებული მეტოქეს შინ 94:66 სძლია, დღეს კი სტუმრად გაეჯიბრა და 83:73 იმარჯვა. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ოსტენდელებმა 20 ქულით მოიგეს.
მერკვილაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:55 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სარგებლიანობის კოეფიციენტის (14) მიხედვით მერკვილაძეს გუნდის რიგებში მე-3 მაჩვენებელი ჰქონდა.
23 მოგება და 7 მარცხი – ამ შედეგით ოსტენდე სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ლიდერი კი კიდევ ერთი ბელგიური ანტვერპენია (23-5). ოსტენდეს შემდეგი შეხვედრა 25 აპრილს ასევე ბელგიურ მონსთან ელის.