კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობროვმა „დინამომ“ თბილისის „იბერია“ მიიღო და 0:2 წააგო. ცნობისთვის, ბათუმელებს როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე „იბერიასთან“ ზედიზედ 10 თამაშია არ მოუგიათ.
მატჩის მე-10 წუთზე ვახო ბედოშვილმა მარცხენა ფლანგიდან დიაგონალური პასი გაუკეთა პაატა ღუდუშაურს, რომელსაც ბურთი ლუკა ლაკვეხელიანის ფეხიდან მიუვიდა და საჯარიმოში შეჭრილი მასპინძელთა მცველს გაცდა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან გაიტანა – 0:1. ამ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარე მათე თურმანიძემ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა.
მე-17 წუთზე ნიკოლოზ დადიანის ნაცვლად თამაშში გიორგი კუცია ჩაერთო. საქმე ისაა, რომ დადიანს მეტოქესთან შეჯახების დროს თავი გაუტყდა, რომელიც შეუხვიეს, მაგრამ სისხლდენა არ შეუჩერდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბათუმელმა ფეხბურთელებმა აქტიურად შეუტიეს და კარშიც დაარტყეს, მაგრამ უშედეგოდ. 58-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში შეჭრილი ბედოშვილი ლაკვეხელიანმა წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. გიორგი ჯინჯოლავამ პენალტი ზუსტად შეასრულა – 0:2.
66-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს კოტდივუარელმა არმელ ზოურიმ მასპინძლების საჯარიმოში ამირან ძაგანია მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 0:3.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუგა ნერგაძის გაწვრთნილი მოქმედი ჩემპიონი “იბერია” 14 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებს 7 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი





