ხორხელის პირველი დუბლი სლოვაკეთში

0
2

ლუკა ხორხელმა, რომელიც ტრნავას „სპარტაკის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონს ატარებს, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში ტრნაველებმა შინ „მიხალოვცე“ 3:0 დაამარცხეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო ხუთ წუთში დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან მესამე გოლი 30-ე წუთზე გონგმა გაიტანა.
ხორხელი 55-ე წუთზე შეცვალეს. მან სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა. ტრნაველები 47 ქულით 6-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
„დუნაისკა სტრედამ“ სტუმრად „პოდბრეზოვას“ 2:1 აჯობა. გამარჯვებულებში მარჯვენა მცველმა ცოტე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ფორვარდი გიორგი გაგუა შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გააფრთხილეს. მასპინძლების სასტარტოში შემტევი ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე იყო, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს.
„დუნაისკა სტრედა“ 52 ქულით მეორეა და ლიდერ ბრატისლავას „სლოვანს“ 5 ქული ჩამორჩება, „პოდბრეზოვა“ კი 36 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი