კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ დებიუტანტ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის მე-2 წუთზე „იბერიას“ კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ შორის მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. პირველი ტაიმის მიწურულს თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და ბაქარ ქარდავას კუთხურის შემდეგ, ლევან ქურდაძის ხელიდან ბურთი ტყიბულელთა კარის გვერდით ძელს მოხვდა. არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ჯინჯოლავამ გაიტანა – 1:0.
55-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს ვახო ბედოშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და პასი ამირან ძაგანიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაახლოებით 20 მეტრიდან ბურთი კარის ბადეში მოათავსა – 2:0.
65-ე წუთზე ბექა შუბითიძემ მარცხენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მდგომმა ქურდაძემ ერთი შეხებით პასი ბრაზილიელი პიმენტალისკენ გააკეთა, რომელმაც მცველებს ორთაბრძოლაში აჯობა, ხოლო ირაკლი სიხარულიძემ ერთი ბურთი გაქვითა – 2:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ცოტნე ფაცაციამ მასპინძლების საჯარიმოში პიმენტალი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2. გუგა ნერგაძის გაწვრთნილ „იბერიას“ 11 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 7 ქულა აიღო და მეცხრეა.
იბერია 1999 2:2 მეშახტე
ლაშა თაბაგარი





