„რუსთავმა“ გორში მოიგო

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში გორის „დილამ“ „რუსთავი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2. გუნდებს თამაში რთულ ვითარებაში მოუწიათ, რადგან უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ მოედანზე წყლის გუბეები იდგა და გადაადგილება ფეხბურთელებთან ერთად ბურთსაც უჭირდა.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „დილას“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეტოქის კარის წინ მდგომმა ზურაბ მუსელიანმა კარს ააცილა. 21-ე წუთზე განელმა პრინს ოსეიმ პასი თანამემამულე კესის გაუკეთა, რომელმაც სისწრაფეში ფრანგ მცველ ჟან-მარკ ტიბუეს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა მასპინძლების კარი აიღო – 0:1.
58-ე წუთზე „დილას“ საჯარიმოში კესიმ ქუსლით პასი პრინს ოსეის გაუკეთა, რომელიც სენეგალელმა ალიუნე ტალიმ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მცველმა ვაჟა ფაცაციამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:2. 84-ე წუთზე გორელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ფაცაციამ თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია და კანადელმა ტრეი ფულერმა ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.
გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით „დილას“ 7 ქულა აქვს და მეექვსეა.
დილა 1:2 რუსთავი 
ლაშა თაბაგარი