ფუტსალისტებმა აზერბაიჯანს მეორე სპარინგიც მოუგეს

0
3

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოუგო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, ხოლო საკუთარ კარში ორი მიიღეს.
მატჩის მე-4 წუთზე აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა თავის ნახევარზე პასი პირდაპირ ნიკოლოზ გაბრიჩიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. მე-14 წუთზე ვახტანგ კეკელიამ თავის ნახევარზე ბურთი ულვი ალიევს „ჩააბარა“, რომელმაც მარცხნიდან პასი გაუკეთა ნიჰად ისმაილოვს, ამ უკანასკნელმა კი კარი აიღო – 1:1.
მე-15 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ მარჯვენა ფრთიდან პასი კარის წინ მდგომ ლევან სვანიძეს გაუკეთა, რომელმაც ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. ამ ეპიზოდში აზერბაიჯანელებმა ჩათვალეს, რომ ვიდრე კურტანიძე გადაცემას გააკეთებდა, ბურთი კუთხურის ხაზი გადაკვეთა. თუმცა, ეპიზოდის გამეორებით ნახვის შემდეგ, გოლი სამართლიანად ჩაითვალა.
35-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან გიორგი ჩიმაკაძის გარღვევის და დარტყმის მერე, ბურთი აზერბაიჯანელ მოთამაშეს ფეხზე შეეხო და კარში აღმოჩნდა – 3:1. 38-ე წუთზე კურტანიძემ ბურთი თავისი ნახევრიდან წამოიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა – 4:1.
მე-40 წუთზე აზერბაიჯანელთა ნახევარზე გიორგი ჩიმაკაძემ ფინტით ერთი მეტოქე ჩამოიცილა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა – 5:1. მატჩის დასრულებამდე რამდენიმ წამით ადრე ახლო მანძილიდან ალეკბეროვის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რომელიც ჩვენმა მოთამაშემ ცუდად მოიგერია და აზერბაიჯანელმა მეორე ცდით შეაგდო – 5:2.
ლაშა თაბაგარი