ჩიტაურის გუნდმა ბულგარეთის ტურნირი მოიგო

0
10

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ბულგარეთში გამართულ უეფას განვითარების თასზე, მორიგი მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და ტურნირის ბოლო შეხვედრა – 2:1 მოიგო, რითიც ჩვენმა გუნდმა 7 ქულით ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
კოსოვოსთან შეხვედრაში, ანგარიში მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა – კროვ ანდიუმ გახსნა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე ჩიქოვანმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 73-ე წუთზე კი კოსოვოს მცველმა – პაკოლი არტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
მატჩის ოქმი – კოსოვო 1:2 საქართველო
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ ინიშნება 11-მეტრიანების სერია, სადაც გამარჯვება 2 ქულაა, ხოლო დამარცხებულს 1 ქულა ერგება. შედეგად – 7 ქულით ბულგარეთში გამართულ უეფას განვითარების თასზე ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე 6 ქულით მასპინძელი ბულგარეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი სამხრეთ აფრიკამ (5) და კოსოვომ (0) გაინაწილეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
4 აპრილი | სამხ. აფრიკა 0:3 საქართველო
6 აპრილი | ბულგარეთი 2:2 [5:3] საქართველო
8 აპრილი | კოსოვო 1:2 საქართველო

ლაშა თაბაგარი