ორი „ქართული“ გოლი ყაზახეთში

0
12

ბექა ვაჩიბერაძემ „ულიტაუს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „ულიტაუ“ შინ „აქტობეს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ვაჩიბერაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 71-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით დარტყმით ანგარიში გახსნა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. ვაჩიბერაძე  მეორე სეზონს ატარებს „ულიტაუში“, რომელიც 5 ქულით 16 გუნდს შორის მე-8 ადგილზეა.
„ჟენისი“ შინ „ოკჟეტპესი“ დაუზავდა – 1:1. მატჩის 30-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მცველმა ზურაბ თევზაძემ თავურით ანგარიში გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა. “ჟენისის“ სასტარტო  შემადგენლობაში ლუკა იმნაძე იყო, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს. ელგუჯა ლობჯანიძე მასპინძლების რიგებში 63-ე წუთზე გამოჩნდა. „ჟენისი“ 3 ქულით მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი