საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „მეცმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი ირიცხება, შინ უშუალო კონკურენტ „ნანტს“ ვერ მოუგო – 0:0.
მასპინძლებში გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი აბუაშვილი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა. ფორვარდი გიორგი ქვილითაია განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
მიუხედავად იმისა, რომ „ნანტს“ 39-ე წუთზე უხეშობისთვის მცველი ტატი გაუძევეს, „მეცმა“ გოლი მაინც ვერ გაიტანა. „მეცი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა და სამი ქულით ჩამორჩება მე-17 პოზიციაზე მყოფ „ნანტს“.
იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში „ფროზინონემ“ თავის მოედანზე „პადოვას“ 2:0 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი კვერნაძე სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონე“ 68 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





