ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. 38-ე ტურში პსჟ-მ შინ „ტულუზას“ 3:1 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მატჩის მე-3 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დარჩა, წინ გამოსულმა რესტესმა კუთხე მაქსიმალურად შეამცირა და ქართველის დარტყმული ბურთი მოიგერია.
23-ე წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, რომელმაც „ტულუზას“ მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კარის ხაზიდან მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით ბადეში გაახვია. 27-ე წუთზე ტულუზელთა შესრულებული კუთხურის შემდეგ, საფონოვმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, ხოლო ნიკოლაისენმა თავით საპასუხო ბურთი გაიტანა.
33-ე წუთზე პსჟ-მ კუთხური ჩააწოდა და სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კვარაცხელიამ მოიგო, რის შემდეგ დემბელემ დუბლი შეასრულა. კვარაცხელიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. მეორე ტაიმში პსჟ-ს კიდევ ერთი კუთხურის შემდეგ, კვარაცხელიამ კვლავ თავით ითამაშა და დემბელემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა „ოქროს ბურთის“ მფლობელზე თამაშგარე დააფიქსირა.
68-ე წუთზე ქართველი ნუნუ მენდეშმა შეცვალა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გონსალუ რამუშმა დაახლოებით 20 მეტრიდან ერთი შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქხირა.
პსჟ 63 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. პარიზელები 8 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





