საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში მეორე თამაში მოიგო და ისევ მალტასთან. თუ რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა შარშან კუნძულელები სტუმრად 5:0 დაამარცხეს, ამჯერად ქუთაისში სამბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩის მე-2 წუთზე ქართველი მცველის მიერ თავისი საჯარიმოდან თავით მოგერიებული ბურთი ელულმა დაახლოებით 22 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:1. მალტელებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გოლი გაიტანეს.
მე-9 წუთზე ლუკა პარკაძემ საჯარიმო დარტყმის შეასრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ახლოს დაჰკიდა, სადაც ყველას ლუკა წულუკიძემ აჯობა და თავით გაიტანა – 1:1.
21-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძემ დაახლოებით 27-28 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო გაბრიელ სიგუამ თავით ჩვენი გუნდი დააწინაურა – 2:1. 42-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ნარიმანიძემ დაახლოებით იმავე მანძილიდან „გაისროლა“ და ეფექტური გოლი გაიტანა – 3:1.
56-ე წუთზე აგიუსი ჩვენს საჯარიმოში საბა ხარებაშვილს გაექცა და წინ გამოსულ პაპუნა ბერიაშვილის თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც ნარიმანიძემ ვარდნაში კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ პიტსის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
68-ე წუთზე ნარიმანიძემ კუნთის ტრავმა მიიღო და აკაკი გიუნაშვილმა შეცვალა. 78-ე წუთზე ირაკლი ეგოიანმა ჯარიმის შესრულების დროს მეტოქის კარის ახლო ძელტან სიგუა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დუბლი შეასრულა – 4:1.
ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრები, რომელსაც 9 ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 18 ქულით საბერძნეთია, გერმანია 15 ქულით მეორეა, ჩრ.ირლანდია 7 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
ჩვენი გუნდი ევროშესარჩევში მომდევნო თამაშს 26 სექტემბერს შინ საბერძნეთთან ჩაატარებენ.
საქართველო-მალტა 4:1 (3:1)
31 მარტი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო: ბერუაშვილი, ცეცხლაძე, ამისულაშვილი, ნარიმანიძე (გიუნაშვილი, 68), ხარებაშვილი, ჯაფარიძე (დეისაძე, 46), დადიანი (ბერელიძე, 89), პარკაძე (ბართიშვილი, 59), ეგოიანი, წულუკიძე (ჩიქოვანი, 59), სიგუა (კ).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
მალტა: სისონსი, კროსი, სციკლუნა, აბელა, ელული, ფენეჩი (გრეჩი, 85), მიკალეფი (კ) (კარუაანა, 78), ლეტერბი (ბორგი, 67), აგიუსი (ატარდი, 78), ბარტოლო (გატი, 67), პიტსი.
მთავარი მწვრთნელი: დავიდე მაზოტა.
გოლები: 0:1 ელული (2), 1:1 წულუკიძე (9), 2:1 სიგუა (21), 3:1 ნარიმანიძე (42), 4:1 სიგუა (78)
გაფრთხილება: ეგოიანი (31), კროსი (88)
მთავარი მსაჯი: ს. გალია (გიბრალტარი).
ლაშა თაბაგარი





