საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წელს პირველი მატჩი მოიგო. ჩვენი გუნდი სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით აჯობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლიეტუვაში მეორე თამაში მოვიგეთ. პირველად ბალტიისპირელები მსოფლიო
2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4:0 დავამარცხეთ – 2000 წლის 7 ოქტომბერს.
მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 27 მარტს თბილისში ისრაელთან 1:1 დასრულებულ ამხანაგურ მატჩთან შედარებით, ლიეტუვასთან დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა. დაცვაში ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალმა ითამაშა. მარცხენა ფლანგი გიორგი წიტაიშვილის მაგივრად ირაკლი აზაროვმა ჩაიბარა. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილის და ნიკა გაგნიძის ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა ითამაშეს. თავდასხმაში ისევ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე მოქმედებდნენ.
მატჩის მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან კარში დარტყმის ნაცვლად პასი მამაგეიშვილს გაუკეთა, რომელსაც მცველმა ბურთის კარში გადაგზავნაში ხელი შეუშალა. ერთ წუთში მამაგეიშვილი შეტევაში ჩაერთო და საჯარიმოს ხაზიდან მარცხენა ფეხით ცოტა არაზუსტად დაარტყა.
მე-16 წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გერტმანისმა ბურთი ფეხით მოიგერია.
მე-20 წუთზე ჩაკვეტაძემ ლიეტუველთა ნახევარზე კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და რამდენიმე მეტოქეს გაცდა, რის მერე, პასი ლუკა გადრანს მისცა, რომლის სუსტი დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა. 26-ე წუთზე მასპინძლების იერიში მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა შირვისმა არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
31-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ტაიმის მიწურულს მასპინძლების შეტევა მარცხნიდან საჯარიმოში ჩაწოდებით და კუჩისის ძალიან არაზსუტი თავური დარტყმით დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ბალტიისპირელთა იერიშის დროს ჩვენს საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლასიცკასმა სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია.
64-ე წუთზე ბერიაშვილმა ტრავმა მიიღო და ივა გელაშვილით შეცვალეს. 70-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მიქაუტაძე ფეხებში ვარდნით შირვუსმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად „ვილიარეალის“ ფორვარდმა გაიტანა. 75-ე წუთზე დვალი დაშავდა, რომელიც ლოჩოშვილმა შეცვალა.
84-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გაგნიძემ შორეულ კუთხესთან მარტო მდგომი მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც სანაკრებო კარიერაში თავისი 23-ე გოლი გაიტანა და კვარაცხელიას ერთი ბურთით გაასწრო. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გიორგი კვერნაძემ მარცხენა ფრთიდან კარგად შეუტია და საჯარიმოში შესულმა პასი კარფ პოზიციაში მდგომ კვარაცხელიას მისცა, რომლის დარტყმული მცველმა დაბლოკა.
ლიეტუვაში გამარჯვებით სანიოლის შეგირდებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. ცნობისთვის, ჩვენმა გუნდმა არსებობის ისტორიაში თავის ანგარიშზე მე-100 გამარჯვება ჩაიწერა. საქართველოს ნაკრები 2 ივნისს მორიგ ამხანაგურ თამაშს თბილისში “დინამო არენაზე” რუმინეთთან ჩაატარებს.
ლიეტუვა – საქართველო 0:2 (0:0)
29 მარტი. კაუნასი. სტადიონი „დარიაუს ირ გირენო“.
ლიეტუვა: გერტმონასი, არმალასი, უტკუსი, ტუტიშკინასი (უპსტისი, 89), შირვისი (ბალტრუნასი, 89), ვორობიოვასი (მიხელბრინკი, 62), გინეიტისი, ლასიცკასი (კ), სირგედასი (შეშპლაუკისი, 62), ბურბა (მიკულენასი, 79), კუჩისი (დუბიცკასი, 62).
მთავარი მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი.
საქართველო: მამარდაშვილი, ბერიაშვილი (გელაშვილი, 64), დვალი (ლოჩოშვილი, 75), გადრანი (გოჩოლეიშვილი, 85), გიზო მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე, 85), მექვაბიშვილი, აზაროვი (წიტაიშვილი, 75), დავითაშვილი (გაგნიძე, 75), კვარაცხელია(კ), მიქაუტაძე (კვერნაძე, 85).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლი: 0:1 მიქაუტაძე (70, პენ.), 0:2 მიქაუტაძე (84)
გაფრთხილება: შეშპლაუკისი (68), შირვისი (69), გინეიტისი (78), გინეიტისი (90+3)
გაძევება: გინეიტისი (90+3)
მთავარი მსაჯი: ვ. სპასიონიკოვსი (ლატვია).
ლაშა თაბაგარი





