საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
შეხვედრის დაწყებამდე ეროვნული გუნდის ახალმა კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილისგან მიიღო. გარდა ამისა, გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას მიაგო.
ჩვენმა გუნდმა სამი ცენტრალური მცველით ითამაშა – ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი და ლუკა გადრანი. უკანასკნელ ორს დებიუტი ჰქონდა. კიდევ ერთი დებიუტანტი გიზო მამაგეიშვილი იყო, რომელსაც მარჯვენა ფლანგი ჩააბარეს, ხოლო მარცხენა ფრთას გიორგი წიტაიშვილი აკონტროლებდა.
ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, ნიკა გაგნიძე და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ. თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეწყვილდნენ.
პირველი ტაიმის შუაწელში სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და საჯარიმოში ჩააწოდეს, ხოლო დორ პერეცმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. 31-ე წუთზე ისრაელის ნაკრების მეკარემ თავის საჯარიმოში ცუდი გადაცემა გააკეთა და კიტეიშვილმა ჩაჭრა ბურთი, რომელიც მიუვიდა მიქაუტაძეს, ამ უკანასკნელის დარტყმული კი მცველმა დაბლოკა.
36-ე წუთზე კვარაცხელიამ კუთხური ჩააწოდა და ლოჩოშვილის თავურის შემდეგ, ბურთი ზედა ძელს მოხვდა. თუმცა, საქართველოს ნაკრების შეტევა გაგრძელდა და ბურთი მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიამ მიიღო, რომელიც ცენტრისკნე შეწეული ორ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ, დაახლოებით 18 მეტრიდან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენი დაცვის ცენტრი ჩავარდა და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილ ბარიბოს ბერიაშვილი რომ არ წამოსწეოდა, შესაძლოა ანგარიში გათანაბრებულიყო.
54-ე წუთზე მიქაუტაძის პასის შემდეგ, კვარაცხელიამ ებრაელთა საჯარიმოში მიიღო ბურთი და მცველს გაექცა, რასაც შორეულ „ცხრიანში“ ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:0. მის ანგარიშზე 22 გოლია და ამ მაჩვენებლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე პოზიციაზე მიქაუტაძეა – 41 მატჩში 21 გოლი. პირველ ადგილზე შოთა არველაძეა – 61 შეხვედრაში 26 გოლი.
56-ე წუთზე კუნთის პრობლემის გამო კიტეიშვილი შეცვალეს. ორ ბურთით დაწინაურების შემდეგ, წესით საქართველოს ნაკრებს თავისი უპირატესობა კიდევ უფრო უნდა გაეზარდა ან მინიმუმ შეენარჩუნებინა. თუმცა, პირიქით მოხდა. მე-60 წუთზე სტუმართა გათამაშებული კომბინაცია დარტყმით საჯარიმოში მყოფმა მიზრაჰიმ დაასრულა და ბურთი მექვაბიშვილის ფეხს შეეხო, რის მერე მამარდაშვილის ზურგსუკან ჩაეშვა.
64-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და მამაგეიშვილის ფეხიდან ბურთი კარის წინ მდგომ განდელმანს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, ვილის სანიოლის გაწვრთნილებმა ამის მერე სიტუაცია ვერ გამოსწორეს და კინაღამ კიდევ ერთი გოლი გავუშვით – კუთხურის შემდეგ სტოიოანოვმა ახლო მანძილიდან თავით კარს მცირე მანძილით ააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ტურგემანის ფეხიდან კარში ეშვებოდა ბურთი, რომელიც მამარდაშვილმა კუთხურზე მოიგერია.
76-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მყოფმა მამაგეიშვილმა კარგი პასი მისცა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ კვარაცხელიას, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი კარის ბადეს გვერდიდან მოხვდა. 85-ე წუთზე ბარიბომ ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში მამაგეიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და ებრაელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ თამაშს 29 მარტს კაუნასში ლიეტუვასთან ჩაატარებს.
საქართველო – ისრაელი 2:2 (1:0)
26 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: მამარდაშვილი, გადრანი (კვერნაძე, 74), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, მამაგეიშვილი, კიტეიშვილი (დავითაშვილი, 56), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი, 74), გაგნიძე, წიტაიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე (გულიაშვილი, 74)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ისრაელი: დანიელ პერეცი (გლეიზერი, 46), დასა (მიზრახი, 59), დორ პერეცი (განდელმანი, 59), სტოინოვი (ნახმიასი, 79), ლემკინი, რევივო (კოენი, 79), კანიხოვსკი (შუა, 71), ელიელ პერეცი, გლუხი, ხალაილი (ტურიელი, 79), ბარიბო (ტურგემანი, 79)
მთავარი მწვრთნელი: რან მენ შიმონი.
გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54), 2:1 მიზრაჰი (60), 2:2 განდელმანი (64)
გაფრთხილება: ელიელ პერეცი (21), წიტაიშვილი (77).
მთავარი მსაჯი: ი. ვაინბერგერი (ავსტრია).
ლაშა თაბაგარი





