ვილი სანიოლის აზრით, საქართველოს ნაკრები სექტემბერში უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან 2:2 დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: “ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში ბევრი დადებითი ეპიზოდი გვქონდა. კარგი ინტენსივობა ვაჩვენეთ და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურებულიყავით. საწყისი საათის განმავლობაში ძალიან საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ბოლო ექვს თვის განმავლობაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო პირველი მატჩი ბერიაშვილისთვის, გადრანისთვის და მამაგეიშვილისთვის. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სათამაშო გამოცდილება, და ესეც გარკვეული პრობლემაა. თუმცა, ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არსებობს – გამოცდილების დასაგროვებლად.
სექტემბერში ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით. ფეხბურთელებთან საუბარი გვექნება და ავუხსნით, რას არის დადებითი და რაზეა მეტი სამუშაო”.
საქართველოს ნაკრები 29 მარტს კაუნასში ლიეტუვასთან ისპარინგებს.
ლაშა თაბაგარი





