ხვიჩა კვარაცხელია: „ვეცდები, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო“

0
12

ხვიჩა კვარაცხელია ეცდება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს. მან ამის შესახებ 26 მარტს ისრაელთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: „მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის გარდაცვალება. მან უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა. ამაყი ვარ, რომ მის ეპოქაში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა. მისი სიტყვები ყოველთვის გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობაც მქონდა.რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. მითუმეტეს, როცა პირადად მე მომიწია გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კაპიტნობით თამაში. დიდი სირთულეა ეს ყველაფერი, მაგრამ ვეცდები, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო ამ ასპექტში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის ვიყო მაგალითი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ვოცნებობ, ისე იქნება, როგორც ვგეგმავ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.
როცა გუნდს ჰქონდა დიდი სირთულეები, პირველ რიგში გურამი და ჯაბა იყვნენ მაგალითები, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. მინდა, იგივე გავაკეთო მეც, ვიყო მაგალითი ფეხბურთელებისთვის და გასაჭირში, რომელიც შეიძლება გვქონდეს, დავდგე პირველი და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.
არ ვფიქრობ, რომ მსაჯებთან პრობლემა მაქვს, შეიძლება ხანდახან მსაჯებთან ემოციები გამოვხატო, მაგრამ არის მომენტები, როცა მივდივარ და ბოდიშს ვუხდი. ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც იგივენაირად გამოხატავენ ემოციებს, ვფიქრობ, რომ ეს ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა ნაკრების კაპიტანი ხარ, მეტი პასუხსიმგებლობა გაქვს.იმედია სამაგალითო ვიქნები ამ ასპექტში და გამოვასწოროებ ამ ყველაფერს“,
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის პრიზი კვარაცხელიას გადასცა. გამოკითხვაში, რომელიც 1964 წლიდან ტარდება კვარაცხელია მეორედ გაიმარჯვა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ პრიზს ორჯერ დაეუფლა. მანამდე, ფეხბურთელებიდან სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციის გამოკითხვაში სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და გიორგი მამარდაშვილმა გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები 26 მარტს შინ თბილისში ისრაელთან ისპარინგებს, ხოლო 29 მარტს სტუმრად – ლიეტუვასთან.
ლაშა თაბაგარი