ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს გაწვრთნის

0
11

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავკაცი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას სიტყვიერად შეუთანხმდა. მხარეებს ამის გამოცხადება ზამთარშიც შეეძლოთ, მაგრამ ეროვნული გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის დიდი დეშამისადმი პატივისცემის გამო თავი შეიკავეს.
ზიდანმა „სამფეროვანთა“ სამწვრთნელო შტაბში დავიდ ბეტონი და ჰამიდუ მსაიდი მიიწვია, რომლებთან ერთად „რეალში“ მუშაობდა. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში „ზიზუმ“ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ.
ფეხბურთელობის დროს ზიდანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე მუნდიალის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი