„სპორტინგმა“ ნორვეგიული „ზღაპარი“ ქოჩორაშვილის გარეშე დაასრულა

0
11

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა ლისაბონის „სპორტინგმა“ სტუმრად „ბოდო-გლიმტთან“ 0:3 წააგო და ერთი შეხედვით ტურნირიდან გასავარდნად განწირული იყო. თუმცა, „სპორტინგმა“ პორტუგალიაში აღმაფრენით ითამაშა და მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსიც არ დაუტოვა.
ლისაბონელები მატჩის სტარტიდან დომინირებდნენ და 34-ე წუთზე ტრინკაოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ინასიომ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. 61-ე წუთზე მასპინძლების შეტევა გოლით გონსალვეშმა დაასრულა. 78-ე წუთზე „სპორტინგის“ ფეხბურთელის ჩაწოდების შემდეგ, ნორვეგიელთა მცველმა თავის საჯარიმოში ბურთს ხელი შეასო და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა.
პორტუგალიელებს მეტოქეზე წნეხი არ შეუმცირებიათ და 92-ე წუთზე არაუხომ ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა – 4:0. 121-ე წუთზე საბოლოო წერტილი ნელმა დასვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია და ამიტომ „სპორტინგის“ განაცხადში არ იყო. “სპორტინგი” ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში 1983 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
ლისაბონელები 1/4-ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდებიან. ინგლისელებმა 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერთან“ 1:1 დაასრულეს. ლონდონში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა „არსენალმა“ 2:0 მოიგო. მასპინძლებიდან 36-ე წუთზე ანგარიში ეზემ გახსნა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაახვია. 63-ე წუთზე დეკლან რაისი ბურთს მეტოქის ნახევარზე დაეუფლა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან გაიტანა.
„სპორტინგი“ „არსენალს“ 7 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში 14 აპრილს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი