ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და უეფასაგან ისევ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. პსჟ-მ პირველ შეხვედრაში ინგლისელები 5:2 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დული შეასრულა, პლუს საგოლე გადაცემა გააკეთა. პარიზელებმა მეტოქეს „სტემფორდ ბრიჯზეც“ აჯობეს და კვარაცხელიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში ისევ დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის მე-6 წუთზე პარიზელთა რუსმა მეკარე საფონოვმა თამაშში შეიყვანა ბურთი, რომელიც მასპინძლების მცველმა მამადუ სარმა ცუდად დაამუშავა, ხოლო კვარაცხელიამ მეტოქეს ფიზიკურ ორთაბრძლაში აჯობა და საჯარიმოში შესულმა „ცაციათი“ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
მე-14 წუთზე პსჟ-ს კონტრშეტევის დროს ჰაკიმიმ მარჯვენა ფლანგიდან „ჩელსის“ საჯარიმოში ბარკოლა მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბურთი დაამუშავა, ხოლო მარჯვენათი „ცხრიანში“ შეაგდო – 0:2
62-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ნუნუ მენდეშთან გაითამაშა ბურთი და საჯარიმოში შესულმა პასი ჰაკიმის გაუკეთა, რომელსაც დარტყმაში ხელი მცველმა შეუშალა, ხოლო იქვე მდგომმა მაიულუმ ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გაახვია – 0:3. კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩამ 21-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ 1/4-ფინალში „ლივერპულსა“ და „გალათასარაის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. თურქებმა პირველი მატჩი შინ 1:0 მოიგეს ინგლისელებთან, რომელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
ლაშა თაბაგარი





