„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში სტუმრად „ალავესთან“ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ის ჩვეულებისამებრ აქტიური იყო, მაგრამ გოლის გატანის შანსი არ ჰქონია. თუმცა, პირველ ტაიმში ნიკოლა პეპეს თავი რომ „აეწია“ და საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მდგომი ქართველი მოეძებნა, შესაძლოა ანგარიშიც გახსნილიყო.
მატჩის მე-40 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა მარტინესმა პასი ქუსლით გააკეთა და რაფა მარინმა თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე კომესანიას გადაცემის შემდეგ, პეპემ „ალავესის“ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთ მცველს გაცდა და მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1.
„ვილიარეალი“ 55 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა – ერთი ქულით ასწრებს „ატლეტიკოს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





