გიორგი მამარდაშვილმა ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ლივერპულში“ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის წინ ვარჯიშზე ალისონი დაშავდა და ლივერპულელთა თავკაცმა კარში ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ანდო. მანამდე, მან ზედიზედ 12 თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა „ლივერპულში“ თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ „გალათასარაისთან“ სტამბოლში ჩაატარა და მაშინ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ასევე 0:1 დამარცხდა. იმ შეხვედრაში გიორგიმ ტრავმირებული ალისონი შეცვალა.
განვლილ შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და „ლივერპულის“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ოსიმენმა მოიგო, ხოლო მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩემილმა ლემინამ თავით გაიტანა.
24-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა დევინსონ სანჩესმა თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი მოიგერია. 63-ე წუთზე „ლივერპულის“ დაცვის უხეში შეცდომის შემდეგ ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე დააფიქსირა.
66-ე წუთზე თურქების ფორვარდმა ბარიშ ილმაზმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და ეკიტიკე ჩაქირისთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა და სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ოსიმენმა მახვილი კუთხიდან დაარტყა – მამარდაშვილმა ბურთი უკუაგდო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „გალათასარაიმ“ მიმდინარე სეზონში მერსისაიდელებს მეორედ მოუგო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 18 მარტს შედგება.
ლაშა თაბაგარი





