გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ვილიარეალი“ შინ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ერთ-ერთ კონკურენტს „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის დასაწყისში მან მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი ერთი შეხებით გაისწორა, ხოლო მეორეთი ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა.
35-ე წუთზე ბუქანანმა თავით პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომელმაც ნახევრად ბრუნში ბურთი მიწაზე დაუშვებლად „ცხრიანში“ შეაგდო და ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მოლეირომ პარტნიორს აწვდიდა ბურთს, რომელიც სალინასმა თავის კარში ჩაჭრა.
50-ე წუთზე პეპე ფინტით ერთ მცველს გაცდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 55-ე წუთზე მიქაუტაძემ ბურთის ცენტრში მიიღო და შეტევა დაიწყო, რომლის დროს სტუმართა საჯარიმოში გახსნილი მოლეირო მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. „ესპანიოლიდან“ ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე კაბრერამ გაიტანა.
„ვილიარეალი“ 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ამდენივე ქულა აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“, რომელი „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობს.
ლაშა თაბაგარი





