ხვიჩა კვარაცხელია: „მომენტების რეალიზაციამ დაგვაღალატა“

0
22

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ პსჟ-მ საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
„პირველ ყოვლისა, მეტოქის დაცვის „გაწელვა“ რთული იყო. რა თქმა უნდა, „ატლეტიკი“ კარგად იყო განლაგებული, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას მაინც ვახერხებდით, თუმცა, ჩვენი მომენტები კარგად ვერ გამოვიყენეთ.
ასეთ გუნდთა თამაში, რომელიც თავს მჭიდროდ იცავს რთული იყო. ვფიქრობ, ჩვენი შესაძლებლობა უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა. მომენტების რეალიზაციამ დაგვაღალატა და ამაზე სამუშაო გვაქვს. სწორედ ესაა თამაშის ფრედ დასრულების მიზეზი“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 13 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ ლონდონის „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება. პარიზელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი