ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. განვლილ შეხვედრა გტრავმის გამო ესპანური გრანდის საუკეთესო ბომბარდირმა კილიან მბაპემ გამოტოვა.
შეხვედრის 28-ე წუთზე მადრიდელთა კონტრშეტევის დროს ბელინგემის გადაცემის შემდეგ როდრიგო მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
35-ე წუთზე შერკის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, გვარდიოლიმ თავით დაარტყა და კურტუამ ბურთი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მდგომმა ორეილიმ ანგარიში გაათანაბრა.
43-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა თავის საჯარიმოში ერლინგ ჰოლანდი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა და „სიტი“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „სიტიმ“ ბოლო ხუთ მატჩში „რეალი“ პირველად დაამარცხა – მანამდე, სამჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრე ითამაშა. მადრიდელები შინ „სიტისთან“ 2020 წლის შემდეგ პირველად დამარცხდნენ.
„სიტი“ 13 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „რეალი“ 12 ქულით მეშვიდეა. მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 20 იანვარს სტუმრად ნორვეგიის „ბოდო/გლიმტთან“ ჩაატარებენ, „რეალი“ კი იმავე დღეს შინ „მონაკოსთან“ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





