ბიორნ იონსენი ისევ ბომბარდირია, “გარეჯი” “სპაერს” შეხვდება

0
17

ქუთაისის „ტორპედო“, რომელმაც ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, სეზონის ბოლო მატჩში მშობლიურ „რამაზ შენგელიაზე“ საგარეჯოს „გარეჯთან“ ჩაატარა და 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 51-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა სტუმართა საჯარიმოში „კედელი“ სერბ კომნენ ანდრიჩთან გაითამაშა და ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. 57-ე წუთზე ღუდუშაურმა კუთხური ჩააწოდა და ბიორნ იონსენმა მეტოქე მცველების უხეში პოზიციური შეცდომით ისარგებლა, რის შემდეგ ძალიან ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მან 2025 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეორედ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
73-ე წუთზე  ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დავით სხირტლაძემ პასი ლევან თოლორდავას მისცა, რომელმაც მათე ქომეთიანი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობ ერთ ბურთამდე შეამცირა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ სეზონი 63 ქულით დაასრულა. მომავალ სეზონში ქუთაისელები უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.
გიორგი მიქაძის თავკაცობით „გარეჯმა“ 34 ქულით 10-გუნდიან სატურნიორო ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში თბილისის „სპაერს“ შეხვდება, რომელის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-2 პოზიციაზე გავიდა.
ტორპედო 2:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი