საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნე რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად მალტასთან 5:0 გამარჯვება ლოგიკურია.
რამაზ სვანაძე: “საჭირო სამი ქულა იყო, მიხარია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით სიტუაციას. ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს ჩვენი მესამე თამაში იყო და დღეს უფრო იგრძნობოდა შეთამაშება, მონახაზი, სისტემურობა, რომელიც გვინდა ვიხილოთ. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო შევთამაშდებით და ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით.
ვიცით, ნოემბერში თუ რა დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში. მოვემზადებით, გავაანალიზებთ ყველაფერს. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ფეხბურთელები კლუბებში როგორ გამოიჩენენ თავს, რაზეც ბიჭებთან საუბარი მქონდა. მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო ისაა, რომ ლოგიკურია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ის ქულათა მარაგიც, რომელიც გვაქვს, იმიტომ, რომ ახალი გუნდი ვართ. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაა ის, რომ თამაშში ვართ, თამაშში ვრჩებით, დანარჩენი ნოემბერში გამოჩნდება“.
განვლილი მატჩი მალტელთა კარში ერთ-ერთი გოლის ავტორმა ნიკოლოზ დადიანმაც შეაფასა:
„ძალიან მიხარია, რომ ჩემი სადებიუტო გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. რთული თამაში გამოდგა მიუხედავად ანგარიშისა, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. წინა მატჩები რთული იყო, რადგან ახალი შეკრებილები ვიყავით და მწვრთნელის დავალებები მესამე თამაშში საკმაოდ კარგად შევასრულეთ. ნოემბერში ორ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, გერმანიას და საბერძნეთს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად იყოს“.
ჩვენი ახალგაზრდული, რომელიც 6 ქულით ჯგუფში მესამეა, ევროშესარჩევში მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს ლიდერ საბერძნეთთან ჩაატარებს, რომელსაც 9 ქულა აქვს. 18 ნოემბერს სვანაძის შეგირდები შინ 6 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფ გერმანელებს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





