საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ელჩეში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა. განვლილ შეხვედრაში ჩვენი გუნდის თამაშის შეფასება ურთულესია, რადგან მასპინძლები ბურთს ფაქტობრივად არ გვაძლებდნენ და ასეთ სიტუაციაში მეტოქის კართან თუნდაც მცირე ხიფათის შექმნა ურთულესია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ჩვენს ნაკრებში საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.
თბილისში თურქეთთან (2:3) და ბულგარეთთან (3:0) ჩატარებულ მატჩებთან შედარებით, ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა და ისევ 5-მცველს დაუბრუნდა.
ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრში გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე და ლაშა დვალი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ებარა, ხოლო მარცხენა – გიორგი გოჩოლეიშვილს. ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობდნენ. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ირჯებოდნენ.
მე-19 წუთზე ესპანელებმა კუთხური ძალიან კარგად გაითამაშეს და ოიარსაბალმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა. 24-ე წუთზე პედრიმ საუცხოო პასი მისცა ჩვენს საჯარიმოში შეტევაში ჩართულ ლე ნორმანს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი პინოს დაუგდო, რომელმაც ანგარიში გახსნა.
28-ე წუთზე პედრიმ გადაცემა დვალის ზურგსუკან გახსნილ ფერან ტორესს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში კარიდან გამოსულმა მამარდაშვილმა წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დაანიშნა. ტორესის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მამარდაშვილმა მოიგერია. ჩვენმა მეკარემ თავის სანაკრებო კარიერაში თამაშიდან პირველი პენალტი აიღო. 33-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან პოროს სახიფათო დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა.
36-ე წუთზე პორომ, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ძალიან აქტიურობდა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მერინო მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
44-ე წუთზე პორომ ჩვენს საჯარიმოში ოიარსაბალი მოძებნა, რომელმაც ქუსლით გაუკეთა პასი მერინოს, ამ უკანასკნელმა კი ცრუ მოძრაობტ სამი ქართველი „უსაქმოდ“ დატოვა, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა და გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. ტაიმის ბოლოს ოიარსაბალმა ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია და მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ოიარსაბალმა ერთი შეხებით მთელი ჩვენი დაცვა მოჭრა და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ „ლივერპულის“ მეკარეს ვერ აჯობა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში მამარდაშვილი კარიდან ცუდად გამოვიდა და ჩვენს საჯარიმოში შეჭრილმა ტორესმა მარჯვენა არცთუ მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა.
54-ე წუთზე პორომ ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და ბურთი მამარდაშვილისგან მარჯვენა ძელს მოხვდა, რის შემდეგ, ბურთი ოიარსაბალს მიუვიდა, რომლის დარტყმის მერე კიტეიშცილის ფეხიდან ტყავის სფერო ამჯერად მარცხენა ძელს შეეხო.
63-ე წუთზე პოროს შესარულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მსაკმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და დააფიქსირა, რომ „ცოცხალ კედელში“ მდგომმა დვალმა ხელით ითამაშა, რის შემდეგ ჯარიმ თითქმის საჯარიმოს ხაზთან დადო. ოიარსაბალის უძლიერესი „გასროლის“ მერე მამარდაშვილი უძლური აღმოჩნდა.
69-ე წუთზე მიქაუტაძის ნაცვლად თამაშში გიორგი კვერნაძე ჩაერთო, რომელმაც ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშა. 77-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა თავისი ნახევრიდან მოინდომა ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულიუნაი სიმონისთვის გადაეგდო, მაგრამ ესპანელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. 88-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მარჯვნიდან ტორესი შეიჭრა და დაარტყა, თუმცა, მამარდაშვილმა ისევ გვიხსნა. საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს შეხვდება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე თამაშში სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.
ესპანეთი – საქართველო 2:0 (1:0)
11 ოქტომბერი. ელჩე. „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო“.
ესპანეთი: სიმონი (კ), პორო (ლორენტე, 75), ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია, მერინო, სუბიმენდი (ალეიშ გარსია, 81), პედრი (ბარიოსი, 74), ფერან ტორესი, ოიარსაბალი (იგლესიასი, 65), პინო (ბაენა, 65).
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, (აზაროვი, 80) კაშია (კ), გოგლიჩიძე, დვალი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი, 86), კიტეიშვილი (გაგნიძე, 69), ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე (კვერნაძე, 69), კვარაცხელია (დავითაშვილი, 69).
გოლები: 1:0 პინო (24), 2:0 ოიარსაბალი (68)
30-ე წუთზე ფერან ტორესმა პენალტი ვერ გაიტანა (მამარდაშვილმა მოიგერია)
გაფრთხილება: პორო (11)
მთავარი მსაჯი: მანფრედას ლუკიანჩუკასი (ლიეტუვა).
ლაშა თაბაგარი





