ვიდრე რეგულარული ჩემპიონატი დაიწყებოდეს, ნბა-ს გუნდები ტრადიციულად წინასასეზონო, ეგრედ წოდებულ საგამოფენო მატჩებს მართავენ. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დღეს ითამაშა პირველი შეხვედრა და მაიამი ჰითი 126:118 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც თავი 6 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა. ბითაძემ საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი მოხსნის დაგროვება შეძლო. ამასთან მის ანგარიშზე 2 დაფარებაც იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ გოგამ პერიმეტრიდან ორჯერ ისროლა, საიდანაც ერთი სამქულიანი ზუსტი იყო.
საბოლოოდ, მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ ფლორიდელების წინააღმდეგ 17 კალათბურთელი ათამაშა. გუნდში დებიუტი ჰქონდა დესმონდ ბეინს, რომელიც ორლანდოს მემფისიდან შეურთდა, მან 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შეხვედრის საუკეთესო მექულე გამარჯვებული გუნდიდან ჯეისონ რიჩარდსონი გახდა – 13 ქულითა და 4 მოხსნით.
ორლანდო წინასასეზონო მატჩების ფარგლებში კიდევ 3 თამაშს გამართავს, 11-ში ფილადელფიასთან, 13-ში ისევ მაიამისთან და 17-ში ნიუ ორლეანსთან. გოგა ბითაძის გუნდი NBA-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 23 ოქტომბერს, სწორედ მაიამი ჰიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.
