„ტორპედოს“ წარმატებული სტუმრობა ფოთში

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი ფოთში „ფაზისზე“ შედგა, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა“ დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრის 41-ე წუთზე რატი გრიგალავამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სდაც საჰაერო ორთაბრძოლა უკრაინელმა ევგენი ლეშჩინსკიმ მოიგო, ხოლო მახვილი კუთხიდან დავით ფაღავამ ანგარიში გახსნა – 1:0.
53-ე წუთზე ქუთაისელებმა კუთხური ჩააწოდეს და გვინეა-ბესაულეი სორი მანეს თავურის მერე, დემეტრე ბულისკირიამ ბურთი მოიგერია, მაგრამ გერმანელმა მოჰამედ შერიფმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმში ფოთში ძლიერი წვიმა წამოვიდა და 68-ე წუთზე სტუმართა მცველის ფეხიდან ბურთი საჯარიმოში ნიკოლას-ნიკა კაპანაძეს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ფოთელები დააწინაურა – 2:1.
74-ე წუთზე აკაკი გიუნაშვილმა თავის საჯარიმოში ალეკო ბასილაძე წააქცია და არბიტრ აკაკი ფარჯიკია პენალტის დანიშვნისთვის 14 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა და ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თავისი შანსი გამოიყენა – 2:2. ამ ეპიზოდის გამო, ძირითად დროს 18 წუთი დაემატა.
87-ე წუთზე „კოლხეთის“ საჯარიმოში შეჭრილი პაატა ღუდუშაური უკნიდან ფეხებში ვარდნით აკაკი გიუნაშვილმა წააქცია და მსაჯმა მასპინძლების კარში მეორე პენალტი დადო. პლუს წესის დამრღვევი გააძევა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. იონსენმა მეორენ თერთმეტმეტრიანიც გამოიყენა – 2:3. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე მამუჩაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყა კარგად შეასრულა და „ტორპედოში“ გადასვლის შემდეგ, პირველი გოლი გაიტანა – 2:4.
კოლხეთი 1913 2:4 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი