„იტალიასთან მატჩის შემდეგ ორი გზა გვქონდა: ან 100%-ით გვეთამაშა დღევანდელ მატჩში, ან გვეცადა, ბოლო ორი თამაშისთვის ჯანმრთელად შეგვენარჩუნებინა თავი. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ყველაფერი უბრალოდ ასეა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და კარგად ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მაგრამ დღეს ძალების მაქსიმალურად გამოყენება ყველაზე გონივრული არჩევანი არ იქნებოდა, რადგან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ყველა პრობლემის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ორი ან სამი მოთამაშე დაგვიშავდებოდა. ასე რომ, თქვენ მითხარით, რომელი ჯობია“ – ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა.
სერბი მწვრთნელი კომენტარით ნათელი ხდება, თუ რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა ბერძნებთან დიდი სხვაობით – 53:94. საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რისთვისაც მთავარი ბრძლა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 მატჩში ელის. უფრო ზუსტად, ბრძოლა ბოლო შეხვედრაში – ბოსნიასთან იქნება, რომლის ვერმოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან დიდი ალბათობით ვერ გავა. ამიტომაც, ბერძნებთან ძალების დახარჯვას და წამყვანი მოთამაშეების ტრავმის რისკის ქვეშ დაყენებას, მინიმუმ ძალიან გადაღლას, ჯიკიჩმა ჭკვიანური გამოსავალი არჩია. დაასვენა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.





