საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და კაუნასში, სავსე 15-ათასიან “კაუნო არენაზე” ლიეტუვასთან მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 77:54.
ჩვენებმა ასეთი ხუთეულით დაიწყეს: ბოლდვინი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, შერმადინი. მასპინძლებმა სტარტზე 9:0 გაქცევა მოახერხეს, ჯიკიჩს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ბურჯანაძემ ორჯერ შედეგიანად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ბითაძემ სამქულიანი ჩააგდო, მამუკელაშვილმა ხუთი ქულა შეგვძინა და პირველი მეოთხედი 19:16 დასრულდა.
მეორე პერიოდში ვალანჩუნასის კარგი თამაშის წყალობით ლიეტუვა 18 ქულით დაწინაურდა. მეტოქე ფარზე დომინირებდა, სადაც ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო, პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და 18 ქულით გავიდნენ წინ.
თუმცა მესამე პერიოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო კამარ ბოლდვინმა და მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.
დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თითქოს თამაშში დავბრუნდით, მაგრამ ჩვენებმა მეტი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.
მერე მასპინძლების შეჩერება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა.
ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პირველად ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 9 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა ბექა ბურჯანაძემ, 8 ქულა და 5 მოხსნაა გოგა ბითაძის ანგარიშზე, ხოლო შერმადინმა 6 ქულა და 5 მოხსნა იკმარა.
მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია პირადი მიზნით ესპანეთში გაემგზავრა და ამ შეხვედრაში არ უთამაშია.
ისრაელთან და ესტონეთთან წაგების შემდეგ, ლიეტუვასთან უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხდით.
ევროპირველობის სტრტამდე საქართველოს ნაკრები 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გულშემატკივარი 14 აგვისტოს პოლონეთის წინააღმდეგ და 21 აგვისტოს ჩეხეთის წინააღმდეგ თამაშებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით იხილავს. ხოლო ჩეხეთთან განმეორებითი თამაში მაყურებლისთვის დახურული იქნება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 28 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით კვიპროსში, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, სადაც ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საუკეთესო ოთხეულში და პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში კი, ასპარეზობას ლატვიის დედაქალაქ რიგაში განაგრძობს.





