„კრაკოვიას“ კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში კრაკოველები სტუმრად „იაგიელონიას“ შეხვდნენ და 2:5 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მე-20 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარცხენა ფლანგიდან მინჩევის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ თავით „კრაკოვია“ დააწინაურა – 1:2. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი ჩაიწერა.
44-ე წუთზე სტუმრებს კიდევ უფრო წინ გასვლის შანსი ჰქონდათ, მაგრამ მაიგარდმა პენალტი ვერ გამოიყენა. 69-ე წუთზე კრაკოველებს ფეხბურთელი გაუძევეს. იმ მომენტში ანგარიში 2:2 იყო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს და გამარჯვება გაინაღდეს. „კრაკოვია“ 7 ქულით 18 გუნდში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





