„კრისტალ პალასმა“ არსებობის ისტორიაში ინგლისის სუპერთასი პირველად მოიგო. ინგლისის ასოციაციის თასის მოქმედმა მფლობელმა ლონდონელებმა პრემიერლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ დაამარცხეს.
„უემბლის“ სტადიონზე გამართული მატჩის დაწყებამდე „კრისტალ პალასის“ ფანებმა ბანერი გამოფინეს წარწერით – „უეფა მაფიაა“. საქმე ისაა, რომ უეფამ ლონდონელებს ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება არ მისცა, რადგან ფრანგულ „ლიონს“, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური ასევე მოიპოვა და „კრისტალ პალასს“ ერთი და იმავე მფლობელი ჰყავს.
მე-4 წუთზე „ლივერპულიდან“ ანგარიში გუნდის ახალწვეულმა ეკიტიკემ გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე მატეტამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 21-ე წუთზე მერსისაიდელები კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა ფრიმპონგმა დააწინაურა. თუმცა, „კრისტალ პალასმა“ ბოლომდე იბრძოლა და 77-ე წუთზე ისმაილა სარმა ანგარიში გაათანაბრა.
სუპერთასის რეგლამენტის თანახმად დამატებითი დრო არ დაინიშნა, პენალტების სერიაში კი „კრისტალ პალასმა“ 3:2 გაიმარჯვა. ავსტრიელი ოლივერ გლასნერის ხელმძღვანელობით „კრისტალ პალასმა“ თავის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა. გუნდი 2024-2025 წლების სეზონში ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კარის დაცვა ბრაზილიის ეროვნული გუნდის გოლკიპერ ალისონ ბეკერს ანდო, რომელი მერსისაიდელთა პირველ მეკარედ მიიჩნევა. ახალ სეზონში “ლივერპულის” კარს სწორედ ალისონი დაიცავს, რომლის სასტარტო შემადგენლობიდან “ამოგდება” მამარდაშვილს გაუჭირდება.
ლაშა თაბაგარი





