18-წლამდელების ისტორიული გამარჯვება ინგლისთან

0
13

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისი 35:31 დაამარცხა – ეს არის პირველი, ისტორიული გამარჯვება ამ ასაკში!
აქამდე საქართველოს ინგლისი 2-ჯერ დაუმარცხებია, ორივეჯერ 20-წლამდელთა დონეზე თბილისში, ჩემპიონატის გასახურებელ მატჩებში, 18-წლამდელებმა კი რაგბის სამშობლოს წარმომადგენლებს პირველად სძლიეს.
შარშან ინგლისს 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალსა და საერთაშორისო სერიაზე ორჯერ შევერკინეთ და მეტოქეს ორივეჯერ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით (19:26 და 20:27). ამჯერად ყველაფერი კარგად წარიმართა და საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს კიდეც. ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარა მატჩის დებიუტი და დასკვნითი ნაწილი. პირველი ტაიმის მიწურულს იყო მცირედი ჩავარდნა და ინგლისი წინ გაიჭრა, თუმცა საქართველო არ გატყდა, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, ინიციატივა დაიბრუნა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.
საქართველო ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, ფაზებს კინძავდა როგორც ხელდახელ, ასევე ძალისმიერ სტილში სახიფათოდ უტევდა. მაღალ დონეზე იყო დისციპლინა, რამაც ბურთზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა და მთლიანობაში, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 18-წლამდე მორაგბეები იყვნენ, თამაში თვალსასეირო გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდა და ამას უნარიანად ახერხებდა. თავიდან ძალისმიერ თამაშში უპირატესობა თითქოს ინგლისის მხარეს იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს საქმეში ქართული ძალა ჩაერთო ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
პირველსავე წუთზე ინგლისელებს ბურთი მათსავე ნახევარზე ხელიდან ამოვგლიჯეთ, კონტრშეტევა ფრთაზე მაღალ ტემპში გაიშალა, დემეტრე დევდარიანისა და იოსებ ღვინჯილიას გავლით ოვალი ივა კვირიაშვილამდე ჩათამაშდა, რომელმაც ის ფეხით ლელოში ჭკვიანურად შეაცურა და ანგარიში გახსნა. თამაში რომ განახლდა კვლავ ხელდახელ შევუტიეთ, უკვე 22-ში ფეხით ლევან ბუცხრიკიძემ ითამაშა და კვირიაშვილი დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა.
ამან არ დაგვაბნია და ხელდახელ სწრაფი შეტევები გავაგრძელეთ. ინგლისი გადაწყობას ვერ ასწრებდა, რითაც დათა ახვლედიანმა ისარგებლა, ბოჭვის შემდეგ ბურთი გაათავისუფლა, ის თავად აიტაცა და შეუტია, მცველის აყვანის შემდეგ კი ლელოში ღვინჯილია შეუშვა. 10-წუთიანი დომინაციის შემდეგ დაცვაში დაშვებული შეცდომის გამო გარდასახული ლელო მივიღეთ, რაზეც მე-16 წუთზე არცთუ მარტივი პოზიციიდან ლევან ბუცხრიკიძემ ჯარიმით უპასუხა.
22-ე წუთზე მას ჯარიმის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. ამას მცირედი ჩავარდნა მოყვა ინგლისმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გარდასახული ლელო გაიტანა. ბუცხრიკიძეს საპასუხოდ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, მეტოქემ კი ტაიმის მიწურულს მოლით გატანილი ლელო გარდასახა და 21:13 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად საქართველოს შეტევებით დაიწყო. ინგლისი რომ დაჯარიმდა ჯერ მოლით შევუტიეთ, მისი ჩაქცევის შემდეგ კი ინიციატივა საკუთარ თავზე ნიკოლოზ ჩხორთოლიამ აიღო და სწრაფი მიძალებით ძალისმიერი ლელო გაიტანა. ბუცხრიკიძის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო. მეტოქემ მალევე გვიპასუხა, ჩვენი შეცდომის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და გარდასახული ლელოთი 8-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა.
სწორედ აქ გამოჩნდა ხასიათის სიმტკიცე. საქართველო არ გატყდა და დასკვნითი 20 წუთი მაქსიმალური მობილიზებით ჩაატარა. 50-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დასრულდა. ის ლუკა შულაიასა და გოჩა ფიცხელაურის მიძალებებით დაიწყო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი მუშკუდიანმა ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო გარდასახვით სხვაობა ისევ მინიმუმამდე დავიდა. ინგლისმა საპასუხოდ შემოგვიტია, დაცვა კარგად დადგა და რადგან წინსვლა არ იყო, მეტოქემ კარის წინიდან არეკნი შეასრულა.
მე-60-ე წუთზე ლიდერობა დავიბრუნეთ – მძლავრი მოლი ლელოთი შულაიამ დაასრულა. დარჩენილ 10 წუთშიც ბურთს საქართველო აკონტროლებდა და ინგლისი შეტევების შეჩერებას ჯარიმების ხარჯზე ახერხებდა. ბოლო წუთზე გუნდმა აღარ გარისკა, მათე მახარაძემ ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა – 35:31.
საერთაშორისო სერიაზე საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს გამართავს და მასპინძელ სამხრეთ აფრიკა ა-ს ჩვენი დროით 13:30 საათზე შეერკინება. პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა ა ირლანდიასთან 33:36 დამარცხდა.
18-წლამდელთა საერთაშორისო სერია
სამხრეთ აფრიკა. დურბანვილის უმაღლესი სკოლა
საქართველო – ინგლისი 35:31 (13:21)
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. ლუკა შულაია (ლელო), 20. ზაზა ლეჟავა (აია); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გოგა ბერიძე (ბათუმი), 24. ტატო ტალახაძე (ლელო), 25. გიორგი მუშკუდიანი (აია), 26. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
5 ლელო: კვირიაშვილი, ღვინჯილია, ჩხორთოლია, მუშკუდიანი, შულაია
2 გარდასახვა: ბუცხრიკიძე
2 ჯარიმა: ბუცხრიკიძე, მახარაძე
rugby.ge