„ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ქუთაისში „ომონიასთან“ გასამართ მატჩში, კვიპროსში ჩატარებულ დაპირისპირებასთან შედარებით. სხვა ფეხბურთს აჩვენებს. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსელებთან საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მეკარე ოთო გოშაძეც დაესწრო.
დირკ შუსტერი: „პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. ერთი კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ.
მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.
გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხვ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს“.
ოთო გოშაძე: „გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. იმედი მაქვს, ხვალ სტადიონი სავსე იქნება, რადგან გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ. შინ ვთამაშობთ ასეთი მნიშვნელობის მატჩს და მოტივაციაც გაორმაგებულია“.
„ტორპედოსა“ და „ომონიას“ თამაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში “ომონიამ” 1:0 მოიგო.
ლაშა თაბაგარი





