ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც „ჟენისს“ ივლისის დასაწყისში შეუერთდა, ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-17 ტურში „ჟენისი“, რომლის მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ ანდრეი დემჩენკო გახდა, სტუმრად „იელიმაის“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „ჟენისი“ 0:1 აგებდა. 89-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ, სტუმართა ფეხბურთელმა საჰაერო ორთაბრძოლა მეტოქის კართან მოიგო, ხოლო ლობჯანიძემ თავით ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ლობჯანიძემ თავით პასი ადილიოს გაუკეთა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი შეაგდო.
32 წლის ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონი „ყიზილყუმში“ დაიწყო, სადაც უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დემჩენკო გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ თავკაცი იყო. „ჟენისი“ 23 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





