ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

0
16

ოლივიე ჟირუ კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში განაგრძობს. 38 წლის თავდამსხმელმა „ლილთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის ბოლოს სამშობლოში 2010-2012 წლებში თამაშობდა, როდესაც „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა.
ჟირუ 2024 წლის ზაფხულიდან „ლოს ანჯელესში“ გამოდიოდა, რომელთან კონტრაქტი 28 ივნისს გაწყვიტა. მან ამერიკულ კლუბში ჩატარებულ 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ჟირუ „მონპელიეს“ და „ლოს ანჯელესის“ გარდა, „გრენობლში“, „ტურში“, „არენალში“, „ჩელსიში“ და „მილანში“ გამოდიოდა.
ის საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლიდან გამოდიოდა და 131 მატჩში გატანილი 57 გოლით „სამფეროვანთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მან ფრანგებთან ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2021) მოიგო. გარდა ამისა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი