„ტორპედო“ სუპერთასზე მესამე ადგილზე გავიდა

0
28

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მე-3 ადგილისთვის მატჩში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „იბერია“ დაამარცხა.
ორმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა და გათამაშების რეგლამენტის თანახმად, დამატებითი დროის ნაცვლად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა.
„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანები მეტოქეზე უკეთესად შეასრულეს და 3:2 გაიმარჯვეს.
ხვალ, სუპერთასის წლევანდელი მფლობელის ვინაობა გორის „დილას“ და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ თბილისის „სპაერს“ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა. თამაში „პეტრო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის „მალმიოს“ შეხვდება. თბილისელები პირველ შეხვედრას „მიხეილ მესხზე“ 8 ივლისს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო თამაში 15 ივლისს შედგება.
გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ივლისს ყაზახეთის „ორდაბასის“ უმასპინძლებს, ხოლო 17 ივლისს სტუმრად ითამაშებს.

ლაშა თაბაგარი