პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერჟმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.
„მივხვდი, რომ არსებულ ვითარებაში ნაკრებისთვის უკეთესი ჩემი თანამდებობიდან გადადგომა იქნება. ამ ფუნქციის შესრულება ჩემი პროფესიონალური ოცნება და ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო“ – განაცხადა 52 წლის პოლონელმა სპეციალისტმა, რომელიც გუნდს 2023 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა და ევრო 2024-ზე გაიყვანა.
პრობიერჟის წასვლის მთავარი მიზეზი „ბარსელონას“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან კონფლიქტია, რომელსაც კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რადგან ფეხბურთელმა მოითხოვა, რომ ივნისში გასამართი მატჩებისთვის ნაკრებში არ მიეწვიათ.
მწვრთნელის გადაწყვეტილების შემდეგ, ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ნაკრებში, რომელსაც პრობიერჟი წვრთნის არ ითამაშებდა. 36 წლის ფორვარდი ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირჩი ჩატარებულ 158 მატჩში 85 გოლი გაიტანა. ის პოლონეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი





