გიორგი მაისურაძე: “არავინაა ისეთი, რომ კონკურენცია ვერ გავუწიოთ”

0
18

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველ გიორგი მაისურაძეს, რომელიც ევრო 2025-ის სტარტზე პოლონეთთან 2:1 მოგებულ მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს, მიჩნია ჯგუფში ნებისმიერი ნაკრებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.
გიორგი მაისურაძე: “საგოლე პასი? ორთაბრძოლაში შევედი, ბურთი უკვე გადასული მეგონა და ფეხი შევახე – მეკარეს ფეხებში გაუძვრა, მაშინ გულმა მიგრძნო, რომ გოლი გადიოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, თითოეულ ფეხბურთელს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, რადგან 90 წუთი, თითოეული წუთი ვიბრძოლეთ. მიხარია, რომ მოვიგეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადებით.
თავიდან ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ სადღაც თამაშის შუაში მივხვდით, რომ მოგება შეგვეძლო. ყველა ამ განწყობაზე ვიყავით, რომ არაფერი განსაკუთრებული და წარმოუდგენელი არ იყო და მოვიგეთ კიდეც. ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დავიხარჯებით და არავინაა ისეთი, რომ კონკურენცია ვერ გავუწიოთ”.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ფრე დაფიქსირდა, ჩვენი 21-წლამდელები 3 ქულით C ჯგუფში გალიდერდნენ.
ქართველი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 14 ივნისს ისევ ჟილინაში საფრანგეთთან ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი