მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდესთან ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშა. მანამდე, 2001 წლის სექტემბერში აზერბაიჯანს 1:0 აჯობა, ხოლო 2017 წლის ნოემბერში ბელარუსთან 2:2 ითამაშა.
კაბო-ვერდე მეშვიდე აფრიკული გუნდია, რომელსაც ვესპარინგეთ. კაბო-ვერდემდე ორჯერ ტუნისს (2:0, 1:1 შევხდით, ხოლო თითოჯერ – ნიგერიას (1:5), სამხრეთ აფრიკას (4:1). კამერუნს (0:0), ეგვიპტეს (0:0, მაროკოს (0:3).
ჩვენ ეროვნულ გუნდს პირველად უკაპიტნა ლაშა დვალმა. მატჩის დებიუტში მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი ქვილითაიამ ქუსლით კარგი პასი გაუკეთა გიორგი გულიაშვილს, რომელმაც საჯარიმოში ნიკა გაგნიძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ცუდად დაარტყა და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სტუმართა შეტევის დროს ჩვენს საჯარიმოში მყოფმა ბორხესმა თავით სახიფათო დაარტყა და ლუკა გუგეშაშვილმა, რომელსაც სასტარტოში დებიუტი ჰქონდა, ბურთიხელებში დააფიქსირა. ამის შემდეგ გიორგი გველესიანის შეცდომით ისარგებლა და გიგეშაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ წინ გამოსულმა მეკარემ აფრიკელის დარტყმული მოიგერია.
მე-15 წუთზე მარჯვენა ფრთაზე „კედელი“ გაითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებას კი, გიორგი ქვილითაიას თავური მოჰყვა, ხოლო ვოზინიამ დამაჯერებლად ითამაშა.
ერთ წუთში გოჩოლეიშვილმა კაბო-ვერდეს ნახევარზე ბორხესს აართვა ბურთი და საჯარიმოში შესულმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა, რასაც „ცაციათი“ არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.
28-ე წუთზე მენდეში შეტევის მარცხენა ფლანგზე გოჩოლეიშვილს გაცდა და საჯარიმოში პასი როდრიგესს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი გუგეშაშვილმა მოიგერია და გოლის გაშვებისგან გადაგვარჩინა.
ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს საბა ლობჟანიძემ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა და გაგნიძემ ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, მაგრამ ვოზინია ისევ დამაჯერებელი იყო.
შესვენებამდე მცირე ხნით ადრემ გაგნიძემ აფრიკელთა ნახევარზე მიიღო ბურთი და მარცხნიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა კარის შორეულ ძელთან მდგომ ლობჟანიძეს, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოში დარტყმის შესრულების დროს, კაბო-ვერდეს ფეხბურთელმა ჩვენს საჯარიმოში პასი ბორხესს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
53-ე წუთზე ქვილითაიამ მეტოქესთან არცთუ ხისტი ორთაბრძოლის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და დავით ვოლკოვმა შეცვალა.
58-ე წუთზე ქართველი მოთამაშის ფეხიდან საჯარიმოში ბურთი და გრაკას მიუვიდა, რომლის ძალიან სახიფათო დარტყმული გუგეშაშვილმა გაანეიტრალა.
ჩვენი გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო სამ დღეში ბულგარეთს უმასპინძლებს.
76-ე წუთზე შეტევაში ბურთი დავკარგეთ და სტუმართა კონტრიერიში ჩვენს საჯარიმოში დარტყმით მენდეშმა დაასრულა – ტყავის სფერო დვალს ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა გაიწელა და ორივე გუნდის ფეხბურთელები მცირედ წაკამათდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მენდეშმა ზუსტად დაარტყა – 1:1.
86-ე წუთზე გულიაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და შუაში შეწეულმა დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში სახიფათოდ, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებს, როდესაც 4 სექტემბერს თბილისში თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს შეხვდება.
საქართველო-კაბო-ვერდე 1:1 (1:0)
8 ივნისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო: გუგეშაშვილი, გველესიანი (გელაშვილი, 54), გოჩოლეიშვილი (შენგელია, 78), დვალი (კ), ლოჩოშვილი (გიორბელიძე, 78), მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე (ბერიძე, 78), ქვილითაია (ვოლკოვი, 54), გულიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
კაბო-ვერდე: ვოზინია, პინა (გარსია ანდრადე, 87), ბორხეესი, დე გრაკა, ჟოაო პაულუ (იოვანე, 60) დუარტე (აილსონ ტავარეში, 60), მენდეში (კ) (ლოპეს კაბრალი, 87), მონტეირო (ერიბერტო ტავარეში, 69(, სემედუ, როდრიგესი (იოიო, 60), როჩა ლივრამენტო.
მთავარი მწვრთნელი: ლეიტაუ ბრიტო
გოლი: 1:0 ლობჟანიძე (45+1), 1:1 მენდეში (80, პენ.)
გაფრთხილება: მენდეში (27), როდრიგესი (43), დვალი (61), ვოზინია (87)
მთავარი მსაჯი: გენრიხ ნალბანდიანი (სომხეთი)
ლაშა თაბაგარი
