კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი გახდა. ნორვეგიელმა ფორვარდმა მეორე წრეში ჩატარებულ 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის „იბერიას“ თავკაცი ლევან კორღალიძე დაასახელეს, რომელმაც ასეთ წარმატებას პირველ წრის შემდეგაც მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა 9 შეხვედრიდან 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს – 14 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ორი წრე დაუმარცხებლად განვლო და საერთო ჯამში გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ წაუგია.
მეორე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ფილიპ კლიაიჩი („ტორპედო“ ქუთაისი).
მცველები: დერეკ აგიაკვა („იბერია“), ივა გელაშვილი („იბერია“), გიორგი ჯგერენაია („იბერია“), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: გიზი მამაგეიშვილი („იბერია“), აბუბაქარ კონტე („დილა“), ოთარ ფარულავა („დილა“).
თავდამსხმელები: ვახო ბედოშვილი („გარეჯი“ საგარეჯო), ბიორნ იონსენი („ტორპედო“ ქუთაისი), გიგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი).
ლაშა თაბაგარი




