კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურმა სტარტი გორში აიღო, სადაც ადგილობრივმა :დილამ“ წყალტუბოს „სამგურლი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით აგებდა, საბოლოოდ უხვგოლიან მატჩში სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ფანცულაია კარიდან გამოსულმა დავით კერესელიძემ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, თან „დილას“ გოლკიპერს ყვითელი ბარათი აჩვენა. ფანცულიამ პენალტი ზუსტად შეასრულა – 0:1.
მე-18 წუთზე გორელთა მცველმა ჟოაუ არაუჟო თავის საჯარიმოში ლუკა ხორხელს ეუხეშა და მსაჯის მიერ დადებული პენალტი თავად დაზარალებულმა გოლად აქცია – 0:2. 42-ე წუთზე „სამგურალის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თედო კიკაბიძეს თანაგუნდელისგან მიიღო ბურთი, რომელიც თავზე „დაასვა“ კარის წინ მდგომ ჟან-მარკი ტიბუეს და შეტევაში ჩართულმა ფრანგმა მცველმა თავით ერთი ბურთი გაქვითა – 1:2.
პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ოთარ ფარულავამ მოედნის ცენტრში ბრაზილიელი ვინიუსის გაკეთებული გადაცემა ჩაჭრა, რის შემდეგ ტაჯიკ მცველ მეხრუბონ ქარიმოვს გაექცა და საჯარიმოში შესულმა ყალიჩავას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა – 2:2.
78-ე წუთზე განელი სირილ ედუძი მარცხნიდან შეიჭრა წყალტუბოელთა საჯარიმოში და პასი კართან ახლოს მდგომა ბურკინა-ფასოელ არუნა უატარას გაუკეთა, რომელმაც „დილა“ დააწინაურა – 3:2.
89-ე წუთზე გორელთა კონტრშეტევის დროს ედუძიმ წყალტუბოელთა მეკარესთან პირისპი მალელი აბუბაქარ კონტე გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 4:2. შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლუკა ხორხელმა დუბლი შეასრულა 4:3.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილლი „დილა“ 32 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ბრაზილიელი ტიაგო გომესის დანიშვნის შემდეგ, „სამგურალმა“ ზედიზედ 3 თამაში წააგო და 12 ქულით ბოლოსწინაა.
დილა 4:3 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





