“ბორჯღალოსნები” ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს

0
11

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის -კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.
მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. მე პირადად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს.
|დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება – ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას რაგბის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ. დაჯილდოების ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ
2022 წელს სამწვრთნელო შტაბის წევრები
ლევან მაისაშვილი, ილია მაისურაძე, ვასილ აბაშიძე, ირაკლი ჭყონია, დავით რამიშვილი, აბესალომ აბრამიშვილი, თათია ბერიაშვილი, ალექსი იორდანიშვილი, ლაშა მჭედლიშვილი, დავით ნემსაძე, ნუცა შამათავა, ნიკოლოზ პინაიშვილი, უილიამ ლევისი;
მოთამაშეები: ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღონია, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, ლაშა ჯაიანი, გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ბექა საღინაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ალექსანდრე თოდუა, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ქუნთელია, მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი ჭყოიძე, ლაშა ლომიძე.