მექვაბიშვილი რუმინეთში გალიდერდა, კაპანაძის წარმატებული დებიუტი სლოვაკეთში

0
8

რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 26-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ გასვლაზე „უნირეას“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. კრაიოველები 45 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში გალიდერდნენ.
„დუნაისკა სტრედაში“ ცოტნე კაპანაძის დებიუტი შედგა. სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-19 ტურში „დუნაისკა სტრედამ“, რომელსაც თბილისის „იბერიას“ ყოფილი მარჯვენა მცველი მიმდინარე ზამთარში შეუერთდა, შინ „სკალიცა“ 3:1 დაამარცხა. კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა. „დუნაისკა სტრედა“ 27 ქულით 12 გუნდში მეოთხეა.
„გრანადა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურში შინ „მირანდესს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. „გრანადა“ 40 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „კატანძაროსთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. „ფროზინონე“ 22 ქულით 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი